მთავარი » პოლიტიკა » პრეზიდენტის ვებ-გვერდიდან გამქრალი მონაცემთა ბაზა

პრეზიდენტის ვებ-გვერდიდან გამქრალი მონაცემთა ბაზა


ექვს თვეზე მეტია, რაც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიხეილ სააკაშვილის საარქივო მასალა აღარ ჩანს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მარგველაშვილის ადმინისტრაციამ president.gov.ge განაახლა, რის შემდეგაც ძველი მონაცემთა ბაზა მთლიანად წაიშალა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, თიკო მჟავანაძემ, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ საიტს ამ დრომდე ტექნიკური პრობლემები აქვს, რის გამოც ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება ძველი მონაცემთა ბაზის აღდგენა.

“ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, როდის აღდგება ძველი მონაცემთა ბაზა. ეტაპობრივად მოხდება ინფორმაციის დაბრუნება. ჩვენი პრესსამსახურის თანამშრომელი ჯერჯერობით საიტის შინაარსობრივ მხარეზე მუშაობს. დანარჩენი დამუშავების პროცესშია. რომელ IT კომპანიასთან არის გაფორმებული კონტრაქტი და ვინ ანახლებს საიტს, არ ვიცი ზეპირად” – განაცხადა მჟავანაძემ.

იმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თუ რამდენი ხანია საჭირო საიტზე ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად და მონაცემთა ბაზის აღსადგენად, ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტს, კონსტანტინ სტალინსკის დავუკავშირდით. მისი თქმით, საიტიდან არქივის გაქრობა ტექნიკურ პრობლემას ნაკლებად უკავშირდება. სტალინსკი მიიჩნევს, რომ მონაცემთა ბაზის ჩახსნა უფრო მორალური მზაობაა:

„არსებული არქივი ქრება მაშინ, როდესაც სხვა საიტს აკეთებენ, რომელის მონაცემთა ბაზა სტრუქტურულად განსხვავდება და იძულებულები არიან ძველი ბაზა ჩახსნან. სავსებით შესაძლებელი იყო უბრალოდ დამატებულიყო ინფორმაცია და წინა მონაცემები აღმოჩენილიყო არქივში. ერთი მეორეს ხელს არ უშლის, ეს არ არის ტექნიკური პრობლემა. აქ მე ვხედავ მზაობას, რომ არ დაეკარგათ ინფორმაცია.“

პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი გასული წლის 18 ნოემბერს გაითიშა. გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, თიკო მჟავანაძემ 22 ნოემბერს განაცხადა, რომ საიტზე რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და არქივიც ეტაპობრივად აღდგებაო .ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამის გამო გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციას მწვავედ აკრიტიკებდნენ და მოითხოვდნენ არქივის ვებ-გვერდზე დაბრუნებას, თუმცა დროთა განმავლობაში პროტესტი მინელდა. ფაქტია, ვებ-გვერდზე მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტების მოღვაწეობის თარიღებია აღნიშნული. მედია საშუალებები ამის შესახებ აღარ საუბრობენ და არც საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკის საგანს წარმოადგენს ეს თემა.

,,ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის” (IDFI) თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათმა ორგანიზაციამ რამდენჯერმე მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მისი თქმით, ადმინისტრაციისგან ისეთვე პასუხები მიიღეს, როგორიც ჩვენ:

“რა თქმა უნდა, პრეზიდენტის საიტზე უნდა აღდგეს ყველა მონაცემი, რადგან ეს არის ინსტიტუციის ვებ-გვერდი და არა პიროვნების. შესაბამისად, ამ ინფორმაციის გაქრობა არ არის მართებული. ასევე ვთვლი, რომ მონდომების შემთხვევაში 5 თვე სრულიად საკმარისი იქნებოდა ვებ-გვერდის გასაახლებლად.”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სპეციალისტი, ლაშა გოგიძე, პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდიდან მონაცემთა ბაზის გაქრობას პოლიტიკურ ნებას უკავშირებს. მისი თქმით, ყოველგვარი პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, უნდა არსებობდეს არქივი.

“პრეზიდენტის საიტიდან არქივის წაშლა არის სერიოზული პრობლემა. საერთოდ, დოკუმენტების დაარქივება არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ინფორმაციის თავისუფლების უფლებისა. ყოველგვარი პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, უნდა არსებობდეს არქივი. ბუნებრივია, მოქალაქეებს შეიძლება აინტერესებდეთ ყოფილი პრეზიდენტის საქმიანობის შესახებ დეტალები, ან ის მონაცემები, რაც იყო მანამდე ამ საიტზე. რა თქმა უნდა, არასწორია, რომ არ იძებნება საარქივო ინფორმაცია. მე მაინც ვუკავშირებ პოლიტიკურ ნებას იმიტომ, რომ არამგონია რთული იყოს ამისი აღდგენა. ერთი და იმავე დაპირებებს იძლევიან უკვე ხუთი თვეა, რაც ცალსახად არასწორი და მიუღებელია და ამავდროულად ეწინააღმდეგება ღია მმართველობის პრინციპებს.  საქართველო კი არის ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი” – აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ლაშა გოგიძე.

ირღვევა თუ არა მოქალაის უფლება, როდესაც ხუთი თვის განმავლობაში არქივიდან საჯარო ინფორმაციას ვერ იგებს, IDFI-ს თავჯდომარე ამბობს: “საკითხთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. კანონი არ არეგულირებს ასეთ საკითხებს, ზოგადად სამართლებრივად ოფიციალური ვებ-გვერდების მართვის საკითხები არ არის განსაზღვრული. ერთადერთი გამონაკლისი პროაქტიული გამოქვეყნებაა, თუმცა ის არ მოიცავს ისეთ საკითხებს როგორც ახალი ამბების შენახვის ვალდებულება საიტზე. ვფიქრობთ, რომ საჯარო დაწესებულებების ელექტრონული რესურსების მართვა სამართლებრივადაც რეგლამენტირებული უნდა იყოს, რათა მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს.”

ლევან ავალიშვილის თქმით, ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტს” ამ ეტაპზე აღარ აქვს ვებ-გვერდების მონიტორინგის პროექტი, თუმცა საკუთარი ნებით და შესაძლებლობებით მაინც ცდილობენ მონიტორინგის ჩატარებას.

“ამ ეტაპზე ჩვენ შემოვიფარგლებით მხოლოდ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ვებ-გვერდებზე გამოქვეყნების აუდიტით.”

2012 წლის 12 აპრილს პროექტის – “საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგი” ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდის საინფორმაციო გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის შეფასებითი მონიტორინგი. IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით, პრეზიდენტის ვებ-გვერდის ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა 14.28%, ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა – 51.58%, ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი:  32.93%.

 



ჩაერთე განხილვაში